გლობალური დათბობა

მფრინავი მღებავის - გლობალური დათბობა “დათბობა” 1950-60 -იანი წლების აღმნიშვნელი არაოფიციალური ტერმინია, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის შესუსტებას, ლიბერალიზაციის დაწყებას, დასავლური სამყაროს მიმართ გახსნილობასა და შემოქმედებით თავისუფლებას აღნიშნავს.

ნიკიტა ხრუშჩოვის დროს კოსმოსში გაშვებულ ,,სპუტნიკს“, (თანამგზავრს) გაგარინს, რჩეულთათვის აწეულ რკინის ფარდას, დასავლეთში საბჭოთა დელეგაციების სტუმრად სიარულს, მოდაში განგსტერული ჩაცმულობა, ფრანგული სუნამოები და ფოტოებზე უხვად დაფიქსირებული ტუჩებში კოცნა მოჰყვა. ხრუშჩოვის ე.წ. “ხრუშჩოვკებში” დაბადებული თაობა იმ პერიოდის ინტერიერის განუყოფელი ირმებიანი ხალიჩების ქვეშ ჩაისახა. ჩინეთთან გაფუჭებულმა ურთიერთობებმა კი აბრეშუმის გადასაფარებლები კიდევ უფრო სანატრელი გახადა.

ნივთების მიმართ ისტერიულ სიყვარულს ,,პერესტროიკამ“ ბოლო მოუღო . 90 -იანების დეფიციტის შიშიც დავძლიეთ და დღეს, გლობალური დათბობის, ეკოლოგიური კატასტროფის ეპოქაში ,,ნაფტალინის“ სუნით გაჟღენთილ, ოდესღაც საგულდაგულოდ შენახული ნაჭრებით და კედლებიდან უკვე დიდი ხნის ჩამოხსნილი ხავერდის ფარდაგებით ახალი კოლექცია შევქმენით. გლობალური დათბობა-გლობალური სიყვარულია, რომელიც ეძღვნება ადამიანებს, ბუნებას და ირმებს.